არაფორმალური მმართველობა

პრეზიდენტი: არაფორმალურ მმართველობაზე მსმენია, თუმცა ამის საბუთი არ მაქვს

ეს კითხვა არის ყველა პოლიტიკური ტექსტის ნაწილი. ჩემ შემთხვევაში ასეთი [არაფორმალური] მმართველობა არ ხორციელდება და არ არის არანაირი საკითხი, რომელზეც ვიტყოდი, რომ მე ვიღებ ამ პოზიციას ან ასე ვმართავ. სხვა შემთხვევებზე მე მსმენია, თუმცა ამის არანაირი საბუთი არ მაქვს. თუ ვინმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს არა თავისი შეხედულებებიდან, არა თავისი შინაგანი რწმენით, არა იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც თვითონ გასცა, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურები ვიყავით ოპოზიციურ პროცესში და ყველა ერთად მოვდიოდით ხელისუფლებაში, არა იქიდან გამომდინარე, რაც თვითონ მიაჩნია სწორი, არამედ რაღაც სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტა ამ ადამიანებში უნდა ვეძიოთ, თუ არის ასეთი შემთხვევები, თუ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ - "იცით, მე ასე მწამს, მაგრამ რა ვქნა, მე სხვანაირად უნდა გავაკეთო". თუ არიან მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამბობენ, რომ "სწორი ასე არის, მე ასე ვიზამდი, მაგრამ რა ვქნა, მე ანგარიშს ვუწევ"... ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა მივეჩვიოთ, რომ პასუხისმგებლები არიან ეს ადამიანები, იმიტომ, რომ კონსტიტუციით, ისინი არიან ძალიან მაღალ თანამდებობაზე. იმიტომ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მათ გააჩნიათ ძალიან დიდი უფლებები, იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობიდან გამომდინარე, მათ გააჩნიათ დიდი პატივი, მართონ ქვეყანა და ერი. ასე რომ, თუ ასეთი მაღალი ვალდებულებების მდგომარეობაში შენ ერთნაირად გგონია და მეორენაირად აკეთებ, ეს პასუხისმგებლობა არის შენზე და არა იმ ადამიანზე, რომელმაც ეს დაგაძალა, ან ასე გააკეთა ან არც გააკეთა იმიტომ, რომ ზოგ შემთხვევაში იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია, არც არანაირი არაფორმალიზმი არ არსებობს, უბრალოდ არსებობს სურვილი, რომ საკუთარი შეცდომა ვინმეს სხვას გადააბრალო. 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში, არაფორმალური მმართველობის შესახებ დასმულ კითხვაზე.

კომენტარები