რუსეთი სირიაში

7 ქვეყანა რუსეთს სირიის ოპოზიციაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საფრანგეთმა, გერმანიამ, ყატარმა, საუდის არაბეთმა, თურქეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს სირიაში რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო ქმედებებზე.

"გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების განთავსების გამო. განსაკუთრებით, რუსეთის საჰაერო შეტევების გამო ჰომში, ჰამაში და იდლიბში. ამ საჰაერო შეტევებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა და არ ემსახურებოდა დეშის განადგურებას.

ეს სამხედრო ქმედებები გამოიწვევს პროცესების ესკალაციას, რაც უფრო გაამძაფრებს რადიკალიზმსა და ექსტრემიზმს.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები სირიის ოპოზიციისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და მეტი ფოკუსირება მოახდინოს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაზე", - ნათქვამია დეკლარაციაში.

ვლადიმირ პუტინი ღიად აფიქსირებს მხარდაჭერას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მიმართ. რუსეთმა იერიში ქალაქ ჰომში არა ისლამური სახელმწიფოს, არამედ ბაშარ ასადის წინააღმდეგ ამბოხებულთა პუნქტებზე მიიტანა. რუსეთის სამიზნე აშშ-ის მხარდაჭერილი აჯანყებულები იყვნენ, მათ შორის - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) გაწვრთნილი სამხედროები.

კომენტარები