სამომხმარებლო ბაზარი

2014 წელთან შედარებით ჯანდაცვა 9.8%-ით გაძვირდა

panoramio.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასები 9.8%-ით არის გაზრდილი. ფასების ზრდა ძირითიდად სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ფასის 21%-ით გაზრდას უკავშირდება. ამ პროდუქციის ფასის ზრდა ლარის გაუფასურებითაა გამოწვეული, რადგანაც სამედიცინო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია.

მთლიანად ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ჯანდაცვის ღირებულების ზრდამ 0.92%-იანი გავლენა იქონია. სულ კი სექტემბერში 5.2%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით ფასები 28%-ით გაიზარდა ხილსა და ყურძენზე, ასევე 13%-ით გაიზარდა ფასები ზეთსა და ცხიმზე.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასების ცვლილება კი ასეთია:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 4.2%-იანი გაძვირება
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 13.4%-იანი გაძვირება
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0.5%-იანი გაიაფება
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 7.2%-იანი გაძვირება
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 11.6%-იანი გაძვირება
  • ჯანმრთელობის დაცვა - 9.8%-იანი გაძვირება
  • ტრანსპორტი - 1.8%-იანი გაიაფება
  • კავშირგაბმულობა - 0.6%-იანი გაძვირება
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 5.3%-იანი გაძვირება
  • განათლება - 3.7%-იანი გაძვირება
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 4.7%-იანი გაძვირება
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 8.5%-იანი გაძვირება

ტრანსპორტის სფეროში ფასების შემცირება ბენზინსა და დიზელზე ფასების მსოფლიო შემცირებას უკავშირდება, საცხოვრებელი სახლის მოვლა-შენახვის გაძვირება კი - სემეკის მიერ ელექტროგამანაწილებლებისთვის გაზრდილი დენის ტარიფის დადგენას.

კომენტარები