იურისტ იაგო ხვიჩიას შეფასებით, ქვეყანაში ინსტიტუციური პრობლემა დღეს არ დაწყებულა. ხვიჩიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემას წამყვანის კითხვას უპასუხა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას და დანაშაულს შორის კავშირს ეხებოდა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრის პრობლემა მისთვის ხელშესახები პირველად ეკა ყუშიტაშვილის ქეისის ნახვისას გახდა, მეორედ კი, გუშინ, ყოფილი პოლიციელის მოპოვებული ვიდეომასალის გავრცელებისას.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, რის გამოც არსებობს სახელმწიფო. მე რისთვისაც მჭირდება სახელმწიფო და პატივს ვცემ - ეს არის უსაფრთხოების ნაწილი, სხვა არაფერში სახელმწიფო არ მჭირდება. თუ სახელმწიფო გვჭირდება, გვჭირდება უსაფრთხოებაც. ეს პრობლემები დღეს არ დაწყებულა. ის, რომ დღეს რაღაც დავაშავოთ და დღესვე შედეგი იქონიოს, ასეთი რაღაც არ ხდება. ეს შეცდომები დაშვებული იქნა რამდენიმე წლის წინ. როცა, ადამიანებს ციხიდან გამოუშვებ ყოველგვარი დამატებითი შესწავლის და მკაცრი რევიზიის გარეშე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ავტომატურად კრიმინალის ზრდას გამოიწვევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა ჩემთვის ხელშესახები გახდა ქალბატონი ყუშიტაშვილის ქეისის შემდეგ, მე მაშინ დავინახე პირველი ნიშანი, როგორ ხდება სისტემის გახრწნა, რომ ვიღაც ადამიანს აქვს მონოპოლია - ძალოვნებს, პლლიციელებს, რომლებსაც უნდა ვცემდეთ ძალიან დიდ პატივს, ვიღაც ელაპარაკება ძალიან ცუდად. მეორე შემთხვევა კი იყო, გუშინ რაც გავიდა ტელევიზიის ეთერით, სადაც მინისტრის მოადგილის ახლო ნათესავი აჩვენებს რაღაც საბუთს პოლიციის თანამშრომლებს, რომ აქვს უფლება გადაადგილების" - თქვა ხვიჩიამ.





