ავღანეთში დაღუპული სამხედროები

დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას მთავრობის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსნოვნას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს დაავალა დაკრძალვის ხარჯების ორგანიზება, ხოლო ფინანსთა მინისტრს - კომპენსაციის, 100 000 ლარის გამოყოფა.

"მე მინდა, პირველ რიგში ვაცნობო საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ, გუშინ საღამოს ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა. ახალგაზრდა კაცი, ვასილ ყულჯანიშვილი, 21 წლის. პატრულირების დროს მოხდა შეტაკება და სამწუხაროდ ჩვენ დავკარგეთ ერთი ჯარისკაცი. ასევე, ერთი დაიჭრა, რომელიც გუშინ გადაიყვანეს ჰოსპიტალში და მისი მდგომარეობა არის სტაბილური. მას გერმანიაში გადავიყვანთ. მინდა, პირველ რიგში დაღუპულის ოჯახს მივუსამძიმრო, ეს საშინელი ტრაგედიაა. მე მინდა ვთხოვო ქალბატონ თინას, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ორგანიზება თქვენ გააკეთოთ და ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო, რომ უზრუნველვყოთ კანონით განსაზღვრული 100 ათასი ლარის გამოყოფა ოჯახისთვის კომპენსაციის სახით. ეს მართლაც ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში პატრულირებისას მოკლეს და სამხედრო ბაზას თავს არ დასხმიან.

"მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, იშვიათად მინახავს ახალგაზრდა ქალი, დედა, რომელსაც შვილის დაღუპვის შესახებ გაეგოს და ასე გმირულად შეხვედროდეს ამ ამბავს. ასევე დაჭრილია ერთი ჯარისკაცი, თუმცა გაუკეთდა ოპერაცია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გერმანიაში კლინიკაში გადაიყვანენ და შემდეგ დაბრუნდება სამშობლოში. დანარჩენი ჯარისკაცები მშვიდად არიან, ვიცი, რომ ამ ამბის შესახებ ცნობილია ოჯახის წევრებისთვბის და მინდა, ყველას მივმართო, რომ იქ არაფერი ხდება, ეს ჩვეულებრივი პატრულირების დროს მოხდა, არ ყოფილა არც ბაზაზე თავდასხმა და არც რამე მსგავსი ინფორმაცია, რომელიც ოჯახს მიაწოდეს", - თქვა ხიდაშელმა.

კომენტარები