რასისტების ჯგუფი

NGO-ები რასიზმის ფაქტებზე: შსს-მ დროული და ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინოს

ბერგმანი
პლატფორმაში - არა ფობიას! - შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები რასობრივი შეუწყნარებლობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება; მათი მხრიდან საკითხის მნიშვნელობისა და სენსიტიურობის ადეკვატური აღქმა. NGO-ების თქმით, არსებითია, შსს-მ ყველაფერი გააკეთოს ძალადობრივი ჯგუფის დროული იდენტიფიცირებისთვის. ცნობისთვის, ქართველი რასისტების ჯგუფმა განსხვავებული რასის მქონე პირებზე თავდასხმების ამსახველი ვიდეომასალა  facebook-ის გვერდზე, სავარაუდოდ, თავად გაავრცელა, წარწერით: "ბერგმანი ზანგების წინააღმდეგ. დინამოს ხულიგნური ფირმა ხშირად აწყობს მსგავს "გაწმენდით სამუშაოებს". თბილისელი ხულიგნების სამიზნეს ძირითადად ზანგები წარმოადგენენ, მაგრამ წინააღმდეგობა არსებობს ასევე თურქების და არაბების მიმართ". 
 

პლატფორმაში - არა ფობიას! - შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გავრცელებული ვიდეოს, ფოტოებისა და ტექსტების ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული ჯგუფი კარგად არის ორგანიზებული და სოციალური ქსელების გამოყენებით ეწევა ქსენოფობიური იდეების პროპაგანდას; ამასთან, ფიზიკურად ძალადობს განსხვავებული რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებზე.  

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბერგმანის ვიდეოს პირველ ეპიზოდში ასახული პირის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ შსს-მ  უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა ძალადობრივი ფაქტის დროული იდენტიფიცირება და გამოძიების დაწყება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, სამინისტრომ ქმედებას სათანადო კვალიფიკაცია მისცეს და გაითვალისწინოს საქმეში მკვეთრად გამოხატული რასობრივი და ეთნიკური სიძულვილის მოტივი. ამ მიმართულებით, შს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბერის N47 მითითების შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, გამოძიებამ, დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის (სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის) ნიშნების არსებობის შესახებ.

ქსენოფობია და რასიზმი, მით უფრო, მათი ექსტრემისტული გამოვლინებები, საფრთხეს უქმნის თითოეულ ადამიანს, განსხვავებული ჯგუფების მშვიდობიან თანაარსებობასა და ქვეყნის პოზიტიურ აღქმას საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთ დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება; მათი მხრიდან საკითხის მნიშვნელობისა და სენსიტიურობის ადეკვატური აღქმა.

ზემოთხსენებული ჯგუფისგან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, არსებითია, შსს-მ განახორციელოს ყველა გონივრული ღონისძიება ჯგუფის დროული იდენტიფიცირებისა და მომავალში ძალადობის პრევენციის მიზნით" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), კავშირი "საფარი", იდენტობა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

კომენტარები