საქართველოს ეკონომიკა

2016 წელს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება

2016 წელს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას გეგმავს
ტაბულა

2016 წელს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ქუმსიშვილის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი 4%-იან ინფლაციაზე იქნება გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს მთავრობა ფასების მნიშვნელოვან მატებას არ ელოდება. 

"2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ჩემთვის ცნობილია, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ორი ციფრი - ეს არის 3%-იანი ეკონომიკური ზრდა და 4%-იანი ინფლაცია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველა დანარჩენი პარამეტრი არის ფინანსთა მინისტრის პრეროგატივა, რომ მან გაახმოვანოს. კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ თვის ბოლომდე საქართველოს მთავრობაზე უნდა მივიღოთ პირველი ევრსია და ვფიქრობ, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება", - თქვა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

2015 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 5%-იან ზრდაზე იყო გათვლილი, თუმცა წლის პირველივე კვარტალში აშკარა გახდა, რომ მთავრობა დაგეგმილ ნიშნულს ვერ მიაღწევდა, ამიტომაც მეორე კვარტლის ბოლოს ბიუჯეტი კორექტირდა და 5%-იანი ზრდა 2%-იანი ზრდით შეიცვალა. ლარის გაუფასურების გამო დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის ერთი მილიარდით - $965 მილიონით შემცირდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს დაგეგმილზე 0.3%-ით ნაკლებად, 4.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი მაქსიმალური წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც მან 7.3% შეადგინა. თუკი 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2% იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ვერ მოხდება დაგეგმილი რაოდენობით გადასახადების მობილიზება, რადგანაც ეკონომიკური აქტივობა შემცირებული იქნება.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3%-ით არის განსაზღვრული. თუკი საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით 1%-ით გაღარიბდება.

წელს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 5% იყო, თუმცა წლის პირველ ორ კვარტალში ინფლაცია შედარებით ნაკლები დაახლოებით 2-3% იყო, მესამე კვარტალში კი ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა, ივლისსა და აგვისტოში კი მან დაგეგმილ 5%-იან ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის ზრდა ამ პერიოდში სამომხმარებლო პროდუქციისა და დენის ტარიფის გაძვირებას უკავშირდება.

კომენტარები