აქციები მოსამართლეების სახლებთან

უსუფაშვილი: მივმართავ მოსამართლეებს, პატივი სცენ აზრის გამოთქმის უფლებას

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან გამართულ აქციებთან დაკავშირებით, მიმართავს მოსამართლეებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებას, დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და ხელი არ შეუშალონ მართლმსაჯულების განხორციელებას.

"მე მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებსაც, ვთხოვო, რომ პატივი სცენ ადამიანების უფლებას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ. მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოების დამოუკიდებლობას. ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას", - თქვა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის და მისი მოადგილის კოტე ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლებთან აქციებს მართავენ. ორგანიზაცია პროგრესული საქართველოს წევრები სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და პაპუაშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მიხედვით კი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისას სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კომენტარები