დანაშაულის სტატისტიკა

შსს: წინა წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, წელს დანაშაული 4.55%-ით შემცირდა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 23 550 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 13 307. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.51%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.55%.

გასული წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, წელს გაზრდილია დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, მათ შორის, განზრახ მკვლელობა 8.77%-ით, მკვლელობის მცდელობა 33.33%-ით. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში 26.67%-ითაა შემცირებული.

სტატისტიკის მიხედვით, ასევე გაზრდილია დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ 27.18%-ით, მათ შორის, ოჯახური ძალადობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 115.9%-ითაა გაზრდილი.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში გაუპატიურების 34 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 41.67%-ით აღემატება.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის რვა თვეში ქურდობის 6070, ძარცვის 298, ყაჩაღობის 227, ხოლო თაღლითობის 758 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები