დანაშაულის სტატისტიკა

შსს: გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, წელს დანაშაული 3.82%-ით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 3402 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1463. დანაშაულის გახსნის პროცენტია 43%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.82%.

სტატისტიკის მიხედვით, განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-თაა გაზრდილი, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში კი, აგვისტოში არ მომხდარა, თუმცა, გაზრდილია მკვლელობის მცდელობის მუხლით ჩადენილი დანაშაულების ოდენობა.

შსს-ს ცნობით, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, წელს 27.67%-თაა გაზრდილი დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 77.78%-ით ოჯახური ძალადობა, 28.57%-ით კი დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ.

უწყების ინფორმაციით, ქურდობა 16.43%-ითაა შემცირებული, ძარცვა 10.64%-ით, თაღლითობა - 8.64%, ხოლო ყაჩაღობის მაჩვენებელი გაზრდილია 10.53%-ით.

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები