რთველი 2015

გურჯაანის სასამართლოში დაკავებული მევენახეების პროცესი მიმდინარეობს

ShutterStock

გურჯაანის საქალაქო სასამართლოში თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე დაკავებული მევენახეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა დაკავებულების მხარდასაჭერად გურჯაანის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.

გურჯაანში, თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მევენახეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რა დროსაც, ოთხი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ალკოტესტით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

თელავი-გურჯაანის მთავარი მაგისტრალი მევენახეებმა დღეს გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ. მევენახეების განცხადებით, ყურძნის ფასი მათთან შეთანხმებით უნდა დაწესდეს. გარდა ამისა, კახელი მევენახეები თბილისშიც ჩამოვიდნენ და აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რთველი 2015-ის საკითხის დღის წესრიგში შეტანა ითხოვეს.

კახეთში რთველი 2015 გუშინ, საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. კახეთში უკვე გაიხსნა ოთხი ქარხანა - ყველა მათგანი სახელმწიფო ან მის მიერ დაქირავებულია. ქარხნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასის გადახედვას არ აპირებენ.

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული.

კომენტარები