თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ხელისუფლებას ბოლო წლებში არანაირი წინსვლა არ აქვს და პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, ამ პრობლემების შენიღბვა გადაწყვიტეს. როგორც ალასანია ამბობს, სწორედ ეს არის პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერების მიზეზი.
"როდესაც ხელისუფლებაში არის მმართველი გუნდი, რომელსაც სამწუხაროდ ბოლო წლების, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად, არანაირი წინსვლის დაფიქსირება ეკონომიკაში, სოციალურ თემატიკაში აღარ შეუძლია და ძალიან კრიტიკულია საზოგადოების დიდი ნაწილი იმის მიმართ, თუ როგორ მართავენ ქვეყანას, როგორ აკლიათ კომპეტენცია, როგორ მდგომარეობაშია ეკონომიკა, იმის მაგივრად, რომ დაეწყოთ ფიქრი ამ პრობლემების მოგვარებაზე, დაიწყეს ფიქრიშენიღბვაზე. ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელიც დაუშვა წინა ხელისუფლებამაც. მე ძალიან კარგად მახოვს, როგორც ოპოზიციონერს მაშინაც, როგორ კონტროლდებოდა მედია, როგორ იქმნებოდა ახალი მედია საშუალებები, როგორიც იყო რეალ ტვ და ა.შ., რათა დისკრედიტაცია გაეკეთებინათ პოლიტიკური ოპოზიციისთვის, კრიტიკული ხმა ჩაეხშოთ. რუსთავი 2-ც კონტროლირდებოდა მაშინ ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დღეს, როდესაც რუსთავი 2 დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, როდესაც ის აშუქებს მოვლენებს, როგორც არის და მაღალი კვალიფიკაციით, იმის გამო, რომ ძველად ამგვარი ზემოქმედება იყო, ჩვენ არ დავიცვათ მედიის თავისუფლება. გაუმართლებელია, როდესაც იძახიან, რომ რუსთავი ასეთი იყო ძველად. ის, რაც იმედში ხდება, კერძო, დამოუკიდებელ ტელევიზიაში, ესეც არის ზუსტად ერთიანი ჩანაფიქრის ჯაჭვი, რომ პრაქტიკულად, სტერილური გახადონ მედია სივრცე კრიტიკისგან, შექმნან ისეთი ვითარება, როგორშიც თვითონ, დეფაქტო პრემიერმინისტრი ივანიშვილი და სხვებიც როგორც აფასებენ მოვლენებს, რომ კრიზისი არ არის. სწორედ ამის შენიღბვა უნდათ, რომ საზოგადოებისწვდომა ინფორმაციაზე შეზღუდონ" - აცხაებს ალასანია.
მისივე თქმით, როდესაც არჩევნების წინ იხურება პოპულარული გადაცემა, ხალხს არ ექნება სადისკუსიო სივრცე და გავა ქუჩაში.
"როდესაც არჩევნების წინ იხურება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუ, ყველაზე პოპულარული წამყვანით, ეს არის პირდაპირი ნიშანი იმის, რომ არ იქნება თანაბარი შესაძლებლობა გაშქდეს წინასაარჩევნო პერიოდში ის პოლიტიკური მოვლენები, რაზე დაყრდნობითაც უნდა მიიღოს მოსახლეობამ გადაწყვეტილება. ასე, რომ ეს არის პირდაპირი შეტევა ქართულ დემოკრატიაზე. დღეს თუ საზოგადოება ერთად არ დავდექით ასეთი მოვლენის წინააღდეგ დასაპირისპირებლად, ძალიან წყნარად, ჩუმად, მთლიანად წაართმევენ პოლემიკის სივრცეს საზოგადოენბას და ჩვენ გვექნება ისეთი არჩევნები, როდესაც საზოგადოებრივ არხზე და ტელევიზიებში კი არ იქნება პრობლემების განხილვა, ეს გადავა ქუჩაში და ეს არაერთხელ გვინახია როგორ მოუტრიალდა ეს ჩვენს ქვეყანას" - განაცხადა ალასანიამ.





