საარჩევნო სისტემა

საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საარჩევნო სისტემის შეცვლის და კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების მიზნით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ისინი პარლამენტს 12-კაციანი საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების მოთხოვნით დღეს მიმართავენ. საინიციატივო ჯგუფმა 200 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. 

"საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საექსპერტო წრეებმა ხელისუფლებას მივმართეთ, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება და არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, მაგრამ ხელისუფლება დაყრუვდა - მას არ ესმის არც ოპოზიციის, არც არასამთავრობო სექტორის, არც საექსპერტო წრეების და არც საერთაშორისო ორგანიზაციების. ხელისუფლება გვპასუხობს, რომ ცვლილებას 2016 წლისათვის არ განახორციელებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ორი გზა არსებობს, ეს არის ან 76 დეპუტატის ხელმოწერით პროცედურის დაწყება ან პროცედურის 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერით დაწყება. რადგან ხელისუფლება დაყრუვდა და ჩვენი არ ესმის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ხმა გავაგონოთ. ამიტომ მივმართავთ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მეორე გზას", - ამბობს ახალი მემარჯვენეების წევრი მამუკა კაციტაძე.

 

კომენტარები