სუს-ი

თარგამაძე: საქართველოდან ინფორმაცია სუს-ის თანამშრომელმა გაიტანა

გივი თარგამაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, "კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა პირი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საქართველოდან უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიტანა". დეპუტატის თქმით, დაკავებული სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გია არდაზიშვილია.

"რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა უკანონოდ მოიპოვა ინფორმაცია და ინფორმაციით საქართველოს საზღვრები ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით დატოვა. მაშინ ფაქტი შსს-მ უარყო. შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ამ პიროვნებისა და საქმის დეტალების დადგენა - ის არის სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გია არდაზიშვილი, რომელიც წარმოშობით თელავიდანაა. თავის დროზე თანამდებობაზე ამ დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების, ქართველიშვილის და ბათიაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. მან მოახერხა უკანონო წვდომა და ანალიტიკური დეპარტამენტიდან ინფორმაცია სრული კანონდარღვევით მოიპოვა. აქ საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს, პერსონალიებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეხება და ძალიან დეტალიზებულია. ის მიადგა საოკუპაციო საზღვარს ცხინვალის მიმართულებით. საგულისხმოა, რომ საზღვარზე გადასვლა ძალადობრივი გზით მოახერხა. მესაზღვრეს უთხრა, რომ კონკრეტულ ღონისძიებაზე გადადიოდა, თუმცა მაინც არ გადაატარეს, რის შემდეგაც იარაღის მუქარით, მესაზღვრესთან ერთად გადავიდა, იქ კი მას შეირაღებული პირები დახვდნენ და ასეთი გზით დატოვა ტერიტორია. საინტერესოდ განვითარდა შემდგომში მოვლენები, რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით 2 სექტემბერს, საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადმოაგდეს ეს პიროვნება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მიატოვეს. ის იყო ნაცემი. ამჟამად ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ჰყავს დაკავებული", - თქვა გივი თარგამაძემ და შსს-ს მოუწოდა, უპასუხოს კითხვებს - როგორ მოახერხა არდაზიშვილმა ინფორმაციაზე წვდომა და მისი ქვეყნიდან გატანა, ასევე დაისაჯნენ თუ არა შესაბამისი პირები.

კომენტარები