სუს-ი

EMC: სუს-ში თამთა მიქელაძის გამოკითხვას შეიძლება ორგანიზაციის კონტროლის მიზანი ჰქონდეს

თამთა მიქელაძე
პანკისის სათემო რადიო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესს შესაძლოა ჰქონდეს სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის მიზანი.

ორგანიზაცია პრობლემურად მიიჩნევს იმავე საქმეზე გამოსაკითხი პირის სტატუსით თამთა მიქელაძის მიწვევას და ფიქრობს, რომ ამან შესაძლოა შეიძინოს EMC-ის მუშაობის შემოწმების შინაარსი.

რასობრივი დისკრიმინაციის და ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის შუღლის გაღვივების საქმეზე სუს-მა გამოძიება 30 მაისს დაიწყო.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადება, რომლითაც მან უკმაყოფილება გამოხატა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაზე და ქალაქის მერს ძეგლის აღებაზე ულტიმატუმი წაუყენა.

EMC ამბობს, რომ ეპისკოპოსის განცხადებას მკვეთრად შოვინისტური კონოტაცია ჰქონდა.

"ჯამდელიანის შეხედულებები სოციალური ქსელების მეშვეობით ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა აქტიურად გაავრცელეს, რასაც თან ერთვოდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ მანამდეც, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენების, ასევე პანდემიის დროს მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის დროს, საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მიმართ სიძულვილის ენა და რიტორიკა აგრესიულად ვრცელდებოდა, მათ შორის, ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების მხრიდან.

ცხადია, რომ ამ კამპანიამ მძიმე ემოციური გავლენა მოახდინა ადგილობრივ თემსა და აქტივისტებზე. სამწუხაროდ, სიძულვილის ამ აგრესიულ რიტორიკას არ გამოეხმაურნენ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები. რელევანტურმა სახელმწიფო უწყებებმა არც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო მიმდინარე დისკუსიის მოდერაციისა და დემოკრატიული დისკუსიების ფარგლებში გადაზრდის პასუხისმგებლობა აიღეს. საზოგადოებრივი ჯგუფების მოთხოვნის მიუხედავად, არ მოხდა დაკავებული თანამდებობიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა (ზაალ) აბაშიძის გადაყენება, რომელმაც ამ პროცესებთან დაკავშირებით მკვეთრად რასისტული განცხადება გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება არსებითად უნდა მიემართებოდეს ულტრა-კონსერვატიულ ჯგუფების ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ, უწყების ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ის არაპირდაპირ იმ სამოქალაქო აქტივისტებსაც შეიძლება მიემართებოდეს, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში და არა მხოლოდ, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებსა და წუხილებზე საუბრობენ. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა იმ ფაქტმა, რომ გამოძიების დაწყებიდან მოკლე პერიოდში საგამოძიებო ორგანომ აქტიურად დაიწყო საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების გამოკითხვა.

მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული დანაშაულების სუს-ის საგამოძიებო განსჯადობაში მოქცევის პრობლემა, რომელიც უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკის უსაფრთხოების მზერით დანახვისა და ამ პერსპექტივის დომინირების პრობლემას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს". – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC ასევე მიუთითებს, რომ მისი წარმომადგენლები რამდენიმე აქტივისტის გამოკითხვას დაესწრნენ. სუს-მა ორგანიზაციის წევრებს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობის ვალდებულება დააკისრა.

"ცხადია, რომ ამ მექანიზმის გამოყენება გამოძიების პროცესზე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი კონტროლის შემცირებას და გამოკითხულ პირებს საკუთარი პოზიციების დაცვისა და უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობას ართმევს.

დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენთვის შეუძლებელია, მოგაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია გამოკითხვის დროს დასმულ საკითხებზე. თუმცა, ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმული კითხვების შინაარსი, ასევე ფორმულირება საკმაოდ პრობლემური იყო და აჩენდა აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემოწმებისა და კონტროლის განცდას.

რიგ შემთხვევაში, როდესაც აქტივისტების მიერ ადგილი ჰქონდა რეგიონში არსებულ პრობლემებზე საკუთარი აზრის გამოხატვას, საგამოძიებო ორგანო დასმული კითხვებით თითქოს ადანაშაულებს ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაძაბულობის შექმნაში. საგამოძიებო ორგანოს მხრიდან არ დასმულა არცერთი შეკითხვა, რომელიც აჩვენებდა, რომ ამ პროცესში სუს-ი დაინტერესებული იყო იმ ზიანითა და სტრესით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა შოვინისტური და მტრული ენისა და რიტორიკის გამო მიიღეს. ამ პირობებში გაჩნდა განცდა, რომ გამოძიება ერთგვაროვან მიდგომებს იყენებს სამოქალაქო აქტივისტებისა და შოვინისტურ, რასისტულ კამპანიაში ჩართული ადამიანების მიმართ, რაც უსამართლო და პრობლემურია. ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო პრობლემურია იმ ფონზე, როცა ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების აშკარა სამართლებრივ ლოიალობას ულტრაკონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ინციდენტების მიმართ". – წერს ორგანიზაცია და ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა

  • საჯაროდ დააზუსტოს, თუ რა არის მიმდინარე გამოძიების მიზანი და კონკრეტულად რომელ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება;
  • არ დაუშვას გამოძიების პროცესში სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და საქმიანობის თვითნებური შემოწმებისა და დაბარების პრაქტიკა;

მთავრობამ

  • შექმნას დემოკრატიული სადისკუსიო სივრცე ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ტრანსფორმაციისთვის და ის ადამიანის უფლებების, სამართიანობისა და ინკლუზიის იდეებისა და პრინციპების განუხრელ დაცვასა და პატივისცემას დააფუძნოს;
  • გაიაზროს არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებში მიმდინარე უნიკალური დემოკრატიული და ემანსიპატორული პროცესები და შექმნას ახალგაზრდა აქტივისტებთან დიალოგის მყარი დაინსტიტუციონალიზებული ფორმატები;
  • გაიაზროს თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული დანაშაულების სუს-ის საგამოძიებო განსჯადობაში მოთავსების პრობლემურობა და შეცვალოს აღნიშნული წესი.

სახალხო დამცველმა

  • გასწიოს მონიტორინგი სუს-შიმიმდინარე გამოძიების პროცესზე და საკუთარი შეფასებები დროულად გაუზიაროს საზოგადოებას.

კომენტარები