სამთავრობო ცვლილებები

რატიანი: დღევანდელი საკადრო გადაადგილებები ქვეყნის მოთხოვნებს არ პასუხობს

სერგო რატიანი
თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, დღევანდელი საკადრო გადაადგილებები ქვეყანას არანაირ სასიკეთო ცვლილებებს არ მოუტანს. 
პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ, "ხელისუფლება არაადეკვატურად იქცევა", როცა ეკონომიკის მინისტრს საგარეო უწყებას აბარებს.

"ეკონომიკის წარუმატებელი მინისტრი, მინისტრი, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, საგარეო უწყებაში გადაჰყავთ. რბილად რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით მისი კომპეტენცია არავისთვის არაა ცნობილი. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, გრძელდება პოლიტიკა, როდესაც საზოგადოებისათვის შედარებით უცნობ ადამიანს ყველანაირი დამსახურების გარეშე, მეტიც, მისმა უწყებამ - მერიამ თავი კორუფციული სისტემით დაგვამახსოვრა, აწინაურებენ და ეკონომიკის მინისტრი ხდება. ცალსახაა, რომ დღევანდელი გადაადგილებები ქვეყნის მოთხოვნებს არ პასუხობს. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან საზოგადოების მეტი ზეწოლაა, რათა მთავრობა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს", - განაცხადა სერგო რატიანმა.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი დღეს დანიშნა. კვირიკაშვილი 2012 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. მის ადგილს თბილისის ვიცემერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. 

კომენტარები