მედია

ქარტია: იმედის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება მედიის მრავალფეროვნებაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
qartia.org.ge/

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ახალი სატელევიზიო სეზონის წინ ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს დახურვა უარყოფითად აისახება როგორც მედიის მრავალფეროვნებაზე, ისე ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობაზე. ასე ეხმაურება საბჭო ტელეკომპანია იმედის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერებასთან დაკავშირებით.

"ტელეკომპანიის ოფიციალური განცხადებით, არხი ახალი სატელევიზიო სეზონიდან დროებით აჩერებს გადაცემებს “რეაქცია” და “იმედის კვირა”, რათა მაყურებელს უკვე 2016 წლიდან შესთავაზოს თვისებრივად ახალი პროდუქტი. გადაცემების ავტორი და წამყვანი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მან ტოკ-შოუების დახურვის შესახებ მედიიდან შეიტყო და არხის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. ინგა გრიგოლიას კომენტარებიდანვე ირკვევა, რომ “იმედს” გადაწყვეტილების მიღებამდე მისთვის ამ ორი გადაცემის ფორმატის ცვლილება არ შეუთავაზებია.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ახალი სატელევიზიო სეზონის წინ ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუს დახურვა უარყოფითად აისახება როგორც მედიის მრავალფეროვნებაზე, ისე პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობაზე ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სეზონის გახსნის 2016 წლამდე გადატანა სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური დისკურსის საკმაოდ ხანგრძლივ დეფიციტს წარმოქმნის" - აღნიშნულია ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭოს შეუსაბამოდ მიაჩნია გადაწყვეტილების გასაჯაროებისა და არხის რეიტინგული წამყვანის გათავისუფლების ფორმაც.

"ტელეკომპანია “იმედის”, როგორც კერძო არხის ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, ცვლილებების განხორციელების სრული უფლება აქვს, თუმცა მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების მოთხოვნა და ლეგიტიმური მოლოდინი, ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია არხზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ. “იმედის” ოფიციალური განცხადება კი ამგვარ ინფორმაციად ვერ ჩაითვლება, რადგან ის უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს. მიგვაჩნია, რომ მაუწყებელმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს საზოგადოების მიმართ და ყველაფერი გააკეთოს იმის დასამტკიცებლად, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული" - აცხადებენ ქარტიის საბჭოში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია იმედის ეთერში სექტემბრიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები აღარ გავა, მათ შორის "რეაქცია" და "იმედი კვირა". სპეციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ ეს დროებითია და 2016 წლიდან ტელეკომპანია მაყურებელს "თვისობრივად ახალ სატელევიზიო პროდუქტს" შესთავაზებს.

კომენტარები