ჩინეთი

ჩინეთმა საფონდო ბირჟის გადასარჩენად მონეტარული პოლიტიკა შეარბილა

Getty Images

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 7%-ზე დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მონეტარული პოლიტიკა შეარბილა. მონეტარული პოლიტიკის შერბილებით ცენტრალურ ბანკს იმედი აქვს, რომ საფონდო ბირჟის ვარდნას შეასუსტებს. ნოემბრის შემდეგ ეს მონეტარული პოლიტიკის მეხუთე შერბილებაა. ამ დროისთვის ცენტრალური ბანკის მიერ გაცემულ ერთწლიანი ვადიანობის სესხებზე განაკვეთი 4.6%-ია. ჩინეთმა ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად ეროვნულ ვალუტა იუანსაც მისცა დევალვაციის საშუალება.

ორშაბათის ვაჭრობა ჩინეთის საფონდო ბირჟებზე ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნით დასრულდა. შანხაი კომპოზიტის და შენჩენ კომპონენტის ინდექსები 8 და 9 პროცენტით დაეცა. ბირჟების ვარდნა დღესაც გაგრძელდა და მან 7.5% შეადგინა. გასული ოთხი დღის მანძილზე საფონდო ბირჟის კაპიტალის 20% გაქრა. ამას ჯერ აზიის, შემდეგ კი ევროპის ბირჟებზე ინდექსების ვარდნა მოჰყვა. საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ბირჟებზე ვარდნამ 3-3.5% შეადგინა. ორშაბათსვე 5%-იანი წაგებით დაიწყო ვაჭრობა Dow Jones-ის ინდექსმა. 

ჩინური საფონდო ბირჟის ვარდნა ივლისში დაიწყო, ამ დროს უკვე აშკარა გახდა, რომ მრავალი კომპანიის აქციათა ღირებულება რეალურთან შედარებით გაცილებით იყო გაზრდილი, რასაც აქციების სწრაფი დაცემა მოჰყვა. ჩინეთის ბირჟაზე მოსახლეობის დაახლოებით 6% ანუ 90 მილიონი ადამიანი ვაჭრობს, მათ ნახევარზე მეტს უმაღლესი განათლება საერთოდ არ გააჩნია და ვაჭრობა იოლი გამდიდრების იმედით დაიწყეს. ჩინური ბირჟები წლების მანძილზე საკმაოდ მაღალი შემოსავლებით გამოირჩეოდნენ, ამიტომაც საკუთარ ფულს ბირჟებში სულ უფრო მეტი ადამიანი აბანდებდა. 

ჩინეთის მთავრობამ ბირჟის გადასარჩენად 500-მილიარდიანი ფონდიც შექმნა, რომელიც საპენსიო ფონდებიდან და ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან დაფინანსდება. თუკი ფონდის ინტერვენცია უშედეგოდ დასრულდება, ამით ქვეყნის საფინანსო სექტორი კიდევ უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. 

კომენტარები