სამომხმარებლო ბაზარი

საქართველოს ბაზრების კვლევის მიხედვით ქვეყანაში 53 ათასი სავაჭრო ადგილია

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე სულ 53 ათასი სავაჭრო ადგილია, ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ქვეყანაში რეგიონების მიხედვით ბაზრებისა და მოვაჭრეების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე თბილისშია, სადაც დაახლოებით 21 ათასი სავაჭრო ადგილია, მოვაჭრეთა რაოდენობა კი ყოველდღიურად დაახლოებით 19 ათასს შეადგენს. საქსტატის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში არსებული ბაზრებისა და ბაზრობების საერთო ფართობი 1.7 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს. მათი შემოსავლები კი 2014 წელს 134 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 177 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა 20 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, 2 ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ შაბათსა და კვირას, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში. საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 53.3 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45.0 ათასი კაცი ვაჭრობს.

2014 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავალმა 134.1 მლნ ლარი შეადგინა. ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 59.4 მლნ ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 44,2 პროცენტს შეადგენს, 47.7 პროცენტს შეადგენს შემოსავალი სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, 8.1 პროცენტი სხვა სახის შემოსავალია. 2014 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 96.6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან, შრომის ანაზღაურებამ დასაქმებულ პერსონალზე - 29.9 მილიონი ლარი.

მოქმედი ბაზრობების 38.5 პროცენტი გადახურულია, 33.0 პროცენტი ღია ტიპისაა, 28.4 პროცენტი ნახევრად გადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც). 

ბაზრობების 96% კერძო საკუთრებაშია, 4%-ის მფლობელი კი სახელმწიფოა.

კომენტარები