ლარის გაუფასურება

ლარის გაუფასურების გამო, ენმ მთავრობის გადადგომას ითხოვს

garbonline.tv

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლარის კურსის ვარდნის გამო, მთავრობის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 40%-ით გაუფასურდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მოსახლეობას დაპირდა ზაფხულში, ტურისტული სეზონის გამოყენებით გარკვეულწილად ლარის გამყარებას, პირიქით მოხდა და ლარი ამ პერიოდის განმავლობაში 5%-ით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა პირდაპირ აისახება მოსახლეობის გაღარიბებაზე. აღნიშნულის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების მხრიდან გეგმის არქონა, პროცესების არაადეკვატურად შეფასება და უუნარობა. ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის ექსპორტი, ინვესტიციები, არის შემცირებული, რაც პირდაპირ ურტყამს ლარის კურსს. იზრდება ფასები, უმუშევრობა და მოსახლეობასთან ერთად, მთლიანად ქვეყანა კიდევ უფრო ღარიბდება. პირველივე სხდომაზე ჩვენ მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას. მთავრობას არ აქვს აღნიშნული პრობლემის დაძლევის გეგმა და არც სხვის გეგმას იზიარებს, პირიქით - ის ამ წლების განმავლობაში ისეთ რეგულაციებს იღებდა, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას პირდაპირ ბლოკავდა. ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და არჩევნები დაინიშნოს", - აცხადებს მელიქიშვილი.  

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტისთვის წაგებით დაიწყო. ერთი აშშ დოლარი 2.40 ღირს. ლარმა ვაჭრობის დაწყებიდან დოლართან მიმართებით 5.8 თეთრი დაკარგა. კომერციულ ბანკებში კი დოლარის ღირებულება უფრო მაღალია. დღესვე განსაკუთრებით გაიზარდა ევროსა და გირვანქა სტერლინგის შესასყიდი ფასიც. ერთი ევრო კომერციულ ბანკებში 2.77 ლარი ღირს, დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის შესასყიდი ფასი კი 2.79-ია. 

ლარის უკანასკნელი გაუფასურება რეგიონში გაუარესებული ეკონომიკური ვითარებას უკავშირდება, რაც ყაზახური ტენგეს 27%-იანი გაუფასურებით არის გამოწვეული. ასევე სწრაფი ტემპებით უფასურდება თურქული ლირაც. ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს. 

კომენტარები