რუსთავი 2-ის საქმე

ნანუაშვილი: სასამართლომ რუსთავი 2-ის საკუთრების უფლება ზედმეტად შეზღუდა

უჩა ნანუაშვილი

სასამართლომ შეზღუდა რუსთავი 2-ის საკუთრების უფლება იმ მოცულობით, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობას, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სრულად არ პასუხობს სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ სტანდარტებს, იმდენად რამდენადაც არ არის დასაბუთებული სარჩელის უზრუნველყოფის ერთდროულად რამდენიმე ზომის გამოყენების აუცილებლობა. დაუსაბუთებელია რატომ შეიზღუდა წესდებაში ცვლილებების შეტანა, როდესაც კომპანიის მთელი უძრავი და მოძრავი ქონება ისედაც დაყადაღებულია და მისი გასხვისების რისკი აღარ არსებობს; რას ემსახურება კომპანიის წლიური შედეგების დამტკიცების აკრძალვა; რატომ გაჩნდა კომპანიის დირექტორისათვის საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის უფლების სრულად შეზღუდვისა და ახალი ვალდებულებების აღების აკრძალვის აუცილებლობა, როდესაც ისედაც აკრძალულია უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ტელეკომპანიის გამართულად ფუნქციონირებას.

„შესაძლოა შეაფერხოს ანაზღაურების გაცემა, ჟურნალისტების დასაქმება, ახალი გადაცემების ეთერში გაშვება, ტექნიკური ინვენტარის შეძენა ან შეცვლა, კომპანიის წინაშე ვალდებულ პირებთან ანგარიშსწორება და სხვა. ამასთან, სასამართლომ არ განმარტა რამდენად ემსახურება უფლების ამ მოცულობით შეზღუდვა მოსარჩელეთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვას და რატომ არ შეიძლებოდა იმავე მიზნის მიღწევა მოპასუხის საკუთრების უფლების ნაკლები შეზღუდვით. აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა შემაფერხებელი იყოს სამაუწყებლო კომპანიის ფუნქციონირებისათვის და, შესაბამისად, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისა და მედიათავისუფლებისათვის, იმდენად რამდენადაც სასამართლო დავის დასრულებას არაერთი თვე და შეიძლება წელიც დასჭირდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს.

„სასამართლომ საკუთრების უფლება შეზღუდა იმაზე მეტად, ვიდრე ამას მოითხოვს მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები