ე.წ. კაბელების საქმე

ხიდაშელი: კანონის შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ

თინა ხიდაშელი
თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენის ფაქტს ფეისბუქზე ეხმაურება და ამბობს, რომ ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის და ამას სასამართლო დაადგენს. ხიდაშელისვე განცხადებით, ბრალდებულებს, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შეჩერებული უფლებამოსილება აღუდგათ.

"თავდაცვის სამინისტროს და პირადად მე თავდაცვის მინისტრს ქვეყნის, მისი ინსტიტუტების ფუნქციონირება მხოლოდ კანონის უზენაესობის პირობებში წარმოგვიდგენია და კანონის უზენაესობის ერთგული ვრჩებით. ამავე პრინციპის ერთგულია ქვეყნის მთელი ხელისუფლება. 

1. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული. 
2. გემახსოვრებათ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება. 
3. ასევე გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს რომ საფუძველი - ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა. 
4. ჩვენ, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ. 
5. ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლო დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით.

თუ კიდევ რამეა გაუგებარი, მზად ვარ კანონის მუხლებიც მუვუთითო, აქ არ ჩამოვწერე ისედაც მარტივი და ლოგიკური მეჩვენება", - წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს. 

კომენტარები