რუსთავი 2-ის საქმე

საია: რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია - ამის შესახებ საია-ს განცხადებაშია ნათქვამი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ,რუსთავი 2 -ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლეს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ღონისძიებების გამოყენება უნდა დაესაბუთებინა არამხოლოდ იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ თეორიულად არსებობს რუსთავი 2-ის დირექტორატისა და მეწილეების მიერ კომპანიის ქონების არაკეთილსინდისიერად გასხვისების ან მისი მოცულობის შემცირების საშიშროება, რაც მომავალში საფრთხეს შეუქმნის მოსარჩელის სასარგებლოდ შესაძლო მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ გაემყარებინა მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული მტკიცებულებებითა თუ ფაქტებით.

„ვინაიდან მოცემულ გადაწყვეტილებას შეუძლია, უარყოფითი გავლენა იქონიოს თავად მედია საშუალების საქმიანობაზე, მოსამართლეს უნდა ეხელმძღვანელა პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპებიდან გამომდინარე და შეეფასებინა, რამდენად იყო მოსარჩელის ინტერესების დასაცავად რუსთავი 2-ის მიმართ ერთდორულად რამოდენიმე ღონსიძიების გამოყენება დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი და პროპორციული" - ნათქვამია განცხადებაში.

საია მიიჩნევს, რომ განჩინებაში არ არის დასაბუთებული ერთდოულად რამოდენიმე ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და რატომ არ შეიძლებოდა იმავე ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ზომით.

„რატომ არ იქნებოდა მიზნის მისაღწევად საკმარისი, რომ მოსამართლეს არ მოეხდინა ერთდროულად რამოდენიმე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ან არ დაედო ყადაღა მთელ ქონებაზე და ამავდროულად არ აეკრძალა მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელება სრულად." - წერია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, გამოყენებული ღონისძიების მოქმედების ვადა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული მონაკვეთით, ხოლო განჩინების თანახმად, იგი ძალაშია არსებითი დავის დასრულებამდე, (და არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ დავა გაგრძელდეს თვეები და შესაძლოა - წლებიც), აღნიშნული ზომების გამოყენებისას მოსამართლეს განსაკუთრებული სიმკაცრე უნდა გამოეჩინა მოცემული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების დასაბუთებულობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასებისას.

„მოსამართლეს უნდა გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და დაეცვა არამხოლოდ მოსარჩელის სამომავლო ინტერესები, არამედ ასევე მოპასუხეთა ინტერესებიც; შესაბამისად, მას უნდა ემსჯელა რუსთავი 2-თვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზეც. თუმცა განჩინებაში აღნიშნულ საკითზე არაფერია ნათქვამი"- ნათქვამია განცხადებაში.

საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არამხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე.

„მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი დავა უნდა წარიმართოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტის დაცვით, რასაც ითვალისწინებს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა. ამავე დროს, პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა მკაცრად თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ტიპის განცხადებისა თუ ქმედებისაგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. სასამართლოში საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების თუ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა არის და იქნება ინდიკატორი სასამართლო ხელისუფლების მიერ აღნიშნული დავის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, შესაბამისად, აპოლიტიკურად გადაწყვეტისა." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები