ოკუპირებული ტერიტორიები

წიკლაური: გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

"გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულის შესახებ ბრძანება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. განათლების სამინისტრომ უკვე გამოსცა.

"შესაბამისი ბრძანება უკვე გაცემულია და 1 სექტემბრიდან იმ ქართველებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ზონაში ცხოვრობენ, სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე იქნება. უკვე მომზადებულია სახელმძღვანელოები, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება და გალის რაიონში, ქართული ენა სრულიად იქნება სასწავლო პროცესიდან ამოღებული.

ეს არის სრულიად აშკარა რუსიფიკაცია, თავდასხმა ქართველ მოსახლეობაზე და მცდელობა, მოხდეს იმ ადამინების ასიმილაცია, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე გავიდა, რაც ე.წ. მინისტრმა გააკეთა ეს განცხადება, საქართველოს მხრიდან არავინ ამას არ გამოხმაურებია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს ხელისუფლებას და სთხოვს პაატა ზაქარეიშვილს, ზურაბ აბაშიძეს და თამარ სანიკიძეს, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ ფაქტზე.

იმ ფონზე, როცა ხელისუფლება დეკლარირებს რუსეთთან დათმობის პოლიტიკას, აუხსნელია, რატომ აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, რომ დაუსჯელად აწარმოოს თავდასხმა ქართულ მოსახლეობაზე და შეუზღუდოს მათ ქართულ ენაზე სწავლება", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები