ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.5 თეთრით, ევროსთან კი 1.2 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.49 თეთრით გაუფასურდა. მომავალი სავალუტო აუქციონის შედეგების გამოცხადებამდე ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.2695 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 1.2 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.51 ლარი ეღირება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ლარის გამყარებისთვის საჭიროა, რომ სავალუტო შემოდინებების მოცულობა აღდგეს. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა. 

ლარის გაუფასურება საქართველოს საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ გამოიწვია. საგადამხდელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის ნაკადების საბალანსო დოკუმენტია. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროებს წარმოადგენს ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გრანტები და კრედიტები. ქვეყნიდან ვალუტის გადინებას კი იმპორტი და საგარეო ვალის მომსახურება იწვევს.  

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები