ნარკოდანაშაული

შსს-მ 57 კგ-ზე მეტი ამფეტამინის საქართველოში შემოტანისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე არტაკ ჰ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ შეიძინა და მათი საქართველოში უკანონოდ შემოტანა განიზრახა.

"არტაკ ჰ-მ სომხეთის რესპუბლიკიდან საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო“-ს გავლით, საქართველოში თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის - „TOYOTA LAND CRUISER“-ის გაუქმებულ ავზში უკანონოდ შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები შემოიტანა. ავტომანქანის შემოწმებისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 96,460 ლიტრი თხევადი ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 57,24 კილოგრამ ნარკოტიკულ საშუალება „ამფეტამინს“ და ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 226,681 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინს“ შეიცავდა. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქიმიური ექსპერტიზის დასრულებისა და ნივთიერებების ოდენობის დადგენის შემდეგ, არტაკ ჰ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

კომენტარები