პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო ორად. 1-ლი აგვისტოდან იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ორი მთავარი ფუნქცია ექნება - მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი.
უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი მიმართულებები იქნება: სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რეალიზაცია და მათი შესრულების კონტროლი და სხვა.
დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი - ე.წ. შავნაბადას დანაყოფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი საპოლიციო დანაყოფები რჩება: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სააგენტო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მთავრობას პრემიერმინისტრი წარუდგენს, ხოლო მთავრობის მიერ კანდიდატურის მოწონების შემთხვევაში, ასარჩევად პარლამენტს წარედგინება. კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტი, სამსახურის უფროსს 6-წლის ვადით ირჩევს. ერთი და იგივე პირი კი, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.





