საბერძნეთი

ცხოვრება ბანკების გარეშე - რა ხდება საბერძნეთში

John Kolesidis / Reuters

ალექსის ციპრასის მთავრობამ ბანკები ქვეყანაში საბანკო პანიკის თავიდან ასაცილებლად სამი კვირის წინ დაკეტა, უკვე მესამე კვირაა, რაც ათენის საფონდო ბირჟაც დაკეტილია. დახურულია საერთაშორისო ფულადი ტრანსფერების სისტემა. მოსახლეობას ბანკომატებიდან ყოველდღიურად მხოლოდ €60-ის გამოტანის უფლება აქვს. დღეს ევროპის ლიდერებსა და საბერძნეთს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა კვლავ უცნობია, თუ როდის გაიხსნება ბანკები. 

ბანკების დაკეტვის გამო საბერძნეთში მოთხოვნა გაიზარდა კრიპტოვალუტებზე, განსაკუთრებით კი Bitcoin-ზე, რომელსაც ახლა ფულადი გადარიცხვებისთვის იყენებენ. 

CNN-ის ცნობით, ბანკების დაკეტვის გამო დამსაქმებლებს ხელფასების გაცემაში პრობლემები შეექმნათ, ზოგი კი, ვისაც ხელფასები ჩაერიცხა, ფულის გამოტანაზე დაწესებული ლიმიტის გამო მის მოხმარებას ვერ ახერხებს. ლიმიტის გამო მოსახლეობა საკუთარი დანაზოგების გამოყენებასაც ვერ ახერხებს. ქვეყანაში ბანკები მხოლოდ საგამონაკლისო წესით პენსიების გაცემის დროს იხსნება, თუმცა მთავრობამ პენსიის გამოტანაზეც დაასწესა ლიმიტი, რაც კვირაში €120-ს შეადგენს. 

საბერძნეთის ეკონომიკაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მთელ ევროზონაში ყველაზე მაღალია და 27%-ს შეადგენს. ქვეყანაში მუდმივად დგას გადასახადების შეგროვების პრობლემა, რის გამოც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ფული ბანკების გარეთ აქვს შენახული, ამიტომ მათზე ბანკების დახურვას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. 

ბერძნული ბანკების არსებობა ევროპის ცენტრალური ბანკის €90-მილიარდიან ფინანსურ დახმარებაზე არის დამოკიდებული, რის გარეშეც ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა შეექმნებოდათ -ისინი უბრალოდ ფულის გარეშე დარჩებოდნენ, ეს კი საბერძნეთის ფინანსური სისტემისთვის კოლაფსი იქნებოდა. 

 

კომენტარები