საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთის პარლამენტმა ციპრასის რეფორმების პროექტს მხარი დაუჭირა

AFP

საბერძნეთის პარლამენტმა 251 ხმით 32-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ქვეყნის პრემიერის ალექსის ციპრასის მიერ წარმოდგენილ რეფორმების პროექტს, რომელიც მიზნად მორიგი ფინანსური დახმარების მიღებას ისახავს.

წარმოდგენილ რეფორმებს მხარი არ დაუჭირა მმართველი ძალის 10-მა წევრმა, შვიდი კი სხდომას საერთოდ არ დაესწრო, რამაც პრემიერი ციპრასი უმრავლესობის გარეშე დატოვა, თუმცა, რეფორმების პაკეტს ხმა მისცეს პრო-ევროპული ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა.

„დღეს პარლამენტმა მთავრობას ძლიერი მანდატი მისცა, რათა დასრულდეს მოლაპარაკებები და მივაღწიოთ ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიან და სოციალურად სამართლიან შეთანხმებას პარტნიორებთან. ახლა პრიორიტეტი მოლაპარაკებებზე დადებითი შედეგის მიღწევაა. სხვა ყველაფერს თავისი დრო აქვს" - განაცხადა ციპრასმა.

პროექტის მიხედვით, იმისათვის, რომ საბერძნეთმა ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზება და ვალის გასტუმრება შეძლოს, ქვეყანა აწევს გადასახადების დონეს და შეამცირებს ხარჯებს, მათ შორის, იგეგმება საპენსიო ფონდებში არსებული თანხის შემცირებაც. ცოტა ხნის წინ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ სწორედ ამ ზომების მიღების წინააღმდეგ მისცა ხმა.

რეფორმების სანაცვლოდ, საბერძნეთის მთავრობა ევროპისგან რიგით მესამე ფინანსური დახმარების მიღებას იმედოვნებს. მმართველი პარტია დამატებით 53 მილიარდ ევროს ითხოვს. ევროკავშირის ლიდერები საბერძნეთის მიერ წარმოდგენილ გეგმას ხვალ განიხილავენ.

კომენტარები