საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთმა ბანკების იძულებითი დასვენება ორშაბათამდე გაახანგრძლივა

სირიზას ლიდერი ალექს ციპრასი მხარდამჭერებს მიმართავს. ათენი
AFP

საბერძნეთმა ევროკავშირს ეკონომიკური რეფორმების ახალი პაკეტი დღეს უნდა წარუდგინოს, რადგანაც სამშაბათს გამართულ მოლაპარაკებებზე, დაპირების მიუხედავად, ქვეყნის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი კონკრეტული გეგმის გარეშე ჩავიდა. სავარაუდოდ, საბერძნეთი ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს მოითხოვს, რადგანაც ქვეყნის საბანკო სისტემა ჩამოშლის ზღვარზეა. საბერძნეთს ახალი ვალის მოთხოვნის საშუალებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა აძლევს, სადაც წერია, რომ ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, ქვეყანამ სესხის გადახდა მისი რესტრუქტურიზაციის გარეშე შეძლოს. საბერძნეთმა 30 ივნისს სავალუტო ფონდის 1.6 მილიარდის მოცულობის ვალი არ გადაიხადა.

"ჩვენ ვართ სრულად ჩართული, რათა ვიპოვოთ გამოსავალი არსებული ვითარებიდან, ჩვენი მისიის უმთავრესი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ იმას, რომ ქვეყანა სწრაფად გახდეს დავალიანებების გადახდისუნარიანი" - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა.

საბერძნეთში დაბრუნებულმა ალექსის ციპრასმა ქვეყნის პრეზიდენტს ბრიუსელსა და სტრასბუგრში გამართული მოლაპარაკებების შესახებ გააცნო ინფორმაცია. ბანკების იძულებითი დასვენება ქვეყნის მთავრობამ ორშაბათამდე გაახანგრძლივა.

კომენტარები