პოლიცია

გომელაური: ალბათ, საჭიროდ არ ჩათვალა გენინსპექციამ კუს ტბის კამერების ამოღება

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის საქმეზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გენინსპექციამ შესაძლოა საჭიროდ არ ჩათვალა კუს ტბის კამერების ჩანაწერების ამოღება.

„მე ვთხოვე, რაც შეიძლება, სწრაფად დაემთავრებინათ მოკვლევა. ეს მოკვლევა დაიდო. ალბათ, საჭიროდ არ ჩათვალა გენინსპექციამ, ის კამერები რომ ამოეღო, ან არ იყო მომხდარი ინციდენტი იმ ადგილას, შეიძლება, ან ვერ ხედავდა ის კამერები. ზუსტად ვერ გეტყვით ახლა მე ამ დეტალებს. თუმცა ჩვენ მზად ვართ, თუ რაიმე კითხვები გაქვთ და არის ეჭვი, რომ არასწორად გამოიძია, ან იყო მიკერძოებული შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია. თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ, შეგვიძლია, გადავცეთ საქმე პროკურატურას“, - განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევა გუშინ დაასრულა. შსს-ს განცხადებით, კიკიანის ცემის ფაქტი არ დასტურდება. უწყება იქვე აღნიშნავს, რომ თავად ლიკა კიკიანმა ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა და გენერალურ ინსპექციაში არ გამოცხადდა. შსს ვიდეომასალასაც ავრცელებს, რომელიც მხოლოდ წუთსა და 47 წამს გრძელდება.

კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მტკიცებით კი, კვირას ღამით, კუს ტბაზე ოცამდე პოლიციელმა სცემა. კიკიანის განცხადებით, კვირა ღამით, მისი მეგობრები კუს ტბის ტერიტორიაზე, ფასიან ავტოსადგომთან კამათობდნენ და მათთან პოლიციელები მივიდნენ, მათ შორის რამდენიმე გინებით და ხელის კვრით. ვიტამინის მენეჯერი ამბობს, რომ მისი მეგობრები წავიდნენ და თვითონაც წამოვიდა, პოლიციელები კი გამოყვნენ და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

 

კომენტარები