პოლიცია

პატიმრობა შეეფარდა პოლიციელს, რომელიც 12 წლის ბავშვს დაეჯახა

flickr.com

პოლიციელს, რომელიც 30 აგვისტოს ლისის გზაზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა, მას დაცვის მხარე დაეთანხმა და მოსამართლისთვის საშეღავათო მოთხოვნით არ მიუმართავს. აკაკი ცომაია ბრალს აღიარებს და სასამართლო სხდომაზე სიტყვით არ გამოსულა, მხოლოდ ის თქვა, რომ თავის ადვოკატს ეთანხმებოდა. 

როგორც ინტერპრესნიუსი გადმოსცემს, დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მოზარდის გარდაცვალების ფაქტი ყველაფერს ფარავს იმისთვის, რომ მათ სასამართლოსგან რაიმე შეღავათი მოითხოვონ და რომ ეს სასჯელიც არაა სათანადო. 

უბედური შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა. საპატრულო პოლიციის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა. ის კლინიკაში გარდაიცვალა.

"გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა." – წერია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები