საბერძნეთის კრიზისი

ევროზონის ყველა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი საბერძნეთის მომავალ ბედზე მსჯელობს

facebook.com/GaribashviliOfficial

დღეს ბრიუსელში მოწვეულ საგანგებო მინისტერიალზე ევროზონის ყველა წევრი ქვეყნის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის კრიზისზე მსჯელობენ. დღევანდელ გამართულ მოლაპარაკებებზე უნდა გადაწყდეს, გაუგრძელდება თუ არა საბერძნეთს ფინანსური დახმარების პროგრამა, რაც უკვე თვეებია, მის საბანკო სისტემას ჩამოშლისგან იცავს. თუკი დღეს შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ეს პრაქტიკულად საბერძნეთისთვის ევროზონიდან გასვლის შესახებ მინიშნება იქნება. საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის წინააღმდეგია ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი. 

"საბერძნეთის მთავრობა წარმოადგენს საკუთარ წინადადებებს. მას შემდეგ, რაც ეს გეგმები წარმოდგენილი იქნება, ჩვენ მას განვიხილავთ. ჩემი შეხედულებით, საქმე საბერძნეთის ევროზონიდან გასვლით არ უნდა დასრულდეს", - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

"ველით საბერძნეთის წინადადებებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი ვითარების მოგვარების კონკრეტულ პროგრამას შემოგვთავაზებენ", - აცხადებს ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრი ერიკ ვიბესი.

საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის ყველაზე დიდი მხარდამჭერები დღეისთვის გერმანიის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები არიან. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის სიგმარ გაბრიელის თქმით, ალექსის ციპრასმა რეფერენდუმის შედეგებით კომპრომისის ერთადერთი გზა გადაჭრა. ქვეყნის მოსახლეობის 60%-მა მხარი არ დაუჭირა ქვეყნის კრედიტორების მიერ წამოყენებულ გეგმას, ანალიტიკოსების შეფასებით, ამ პასუხით საბერძნეთი ევროზონიდან გამოსვლას დაუახლოვდა.

საბერძნეთმა 30 ივნისისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაიხადა. თუ საბერძნეთი 15 ივლისს ევროპის ცენტრალურ ბანკს 3.5 მილიარდი ევროს ვალს არ გადაუხდის, ქვეყანა დეფოლტში აღმოჩნდება, რაც ევროზონიდან მისი გამოსვლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს. 

ამასთან, გუშინ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი თანამდებობიდან გადადგა, ვარუფაკისი ევროზონის ლიდერების მიმართ კრიტიკული გამოსვლებით გამოირჩეოდა, მან ისიც განაცხადა, რომ ქვეყანამ ვალები საერთოდ არ უნდა გადაიხადოს.

 

კომენტარები