საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთისთვის ახალ დახმარებაზე რეფერენდუმის დასრულებამდე არ იმსჯელებენ

Reuters

ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთისთვის ახალ ფინანსურ დახმარებაზე მოლაპარაკებებს გამორიცხავენ, სანამ კვირას რეფერენდუმი არ ჩატარდება. რეფერენდუმზე დასმული იქნება კითხვა, ეთანხმებიან თუ არა საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას. პრემიერმა ალექსის ციპრასმა მოუწოდა მოსახლეობას, ხმა მისცენ "არას". ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი კი კრედიტორებს შანტაჟში ადანაშაულებს. მისივე თქმით, რეფერენდუმის დასრულების შემდეგ შეთანხმებას მალე მიაღწევენ, რის შემდეგაც ბანკებიდან თანხების გამოტანის შეზღუდვები შესუსტდება. 

საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი საერთაშორისო კრედიტორებთან დათმობაზე წავიდა. მან კრედიტორებს წერილით მიმართა და აღნიშნა, რომ მზადაა, მათი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი შეასრულოს. საბერძნეთის მინისტრმა ორი, უმნიშვნელო ცვლილების შეტანა მოითხოვა - საბერძნეთს სურს, კუნძულებისთვის დღგ-ის შემცირებული რაოდენობა შენარჩუნდეს და საპენსიო ასაკის გაზრდა 67 წლამდე არა დაუყოვნებლივ, არამედ ოქტომბრიდან დაიწყოს. 

შეგახსენებთ, რომ ალექსის ციპრასმა დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროზონის ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტისგან, კერძოდ კი ევროპის სტაბილურობის მექანიზმისგან (ESM) გუშინ დამატებით €1.6 მილიარდის მოცულობის ვალი მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

საბერძნეთს თავისი კრედიტორების მიმართ €317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი აქვს. ქვეყანა, არსებული გრაფიკის მიხედვით, ვალის გადახდას 2054 წელს დაასრულებს.

 

კომენტარები