აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი

თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მინისტერიალი გაიმართება

mof.ge

ორი დღის წინ დაფუძნებული აზიის ინფრატრუქტურის საინვესტიციო ბანკის AIIB-ის მორიგი მინისტერიალი თბილისში 24-25 აგვისტოს გაიმართება. AIIB ახალი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, სხვადასხვა წარმოების სექტორებში ინვესტირების გზით, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება, რეგიონული პარტნიორობის ხელშეწყობა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ბანკის სადამფუძნებლო ხელშეკრულებას 50-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი.

საქართველო AIIB-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა, პეკინში გამართულ მინისტერიალზე გადაწყდა, რომ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი თბილისში გაიმართება, რომელზეც იმსჯელებენ ბანკის საწყისი კაპიტალის თაობაზე, ასევე გაეცნობიან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებს. 

ბანკის უმსხვილესი წილის, ანუ 30%-ის მფლობელი ჩინეთია. მეორე უმსხვილესი წილის მფლობელი კი ინდოეთია, Reuters-ის ცნობით, სავარაუდოდ, ინდოეთის წილი 10-15% იქნება. შემდეგ ადგილებზე რუსეთი და გერმანია იქნებიან. 

წევრობასთან დაკავშირებით იაპონიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. 

საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, AIIB მსოფლიო საფინანსო ბაზარზე ჩინეთის პოზიციების გამყარებასა და აზიაში ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას შეუწყობს ხელს. BBC-ის ცნობით, ბანკის თავდაპირველი კაპიტალის მოცულობა $50 მილიარდია, თუმცა მისი $100-მილიარდამდე ზრდა იგეგემება. 

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ჯიმ იონგ კიმის თქმით, "განვითარებად ქვეყნებში არსებული ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს, რომლის დაფინანსებასაც ცალკე აღებული ვერცერთი საფინანსო ორგანიზაცია ვერ შეძლებს, ამიტომაც ახალი ორგანიზაცია ამ მიმართულებით აზიის რეგიონში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს".

ბანკის დამფუძნებლებს შორის არიან რეგიონის შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, ბრუნეი დარუსალამი, კამბოჯა, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისრაელი, იორდანია, ყაზახეთი, კორეა, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, მალაიზია, მალდივები, მონღოლეთი, მიანმარი, ნეპალი, ახალი ზელანდია, ომანი, პაკისტანი, ფილიპინები, ყატარი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, შრილანკა, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, უზბეკეთი, ვიეტნამი. 

წევრები არიან ასევე: ავსტრია, ბრაზილია, დანია, ეგვიპტე, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო.

აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი მოიზიდოს. 

 

კომენტარები