სტიქია თბილისში

ნარმანია: სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები ორ კატეგორიად დაიყოფიან

სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები ორ კატეგორიად დაიყოფიან - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, სტიქიით დაზარალებულებისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისას ერთ კატეგორიაში ის ოჯახები მოხვდება, რომელთაც ახალი ბინები ესაჭიროებათ, მერე კატეგორიაში მყოფებს კი საცხოვრებელ ფართს გაურემონტებენ.

„პირველი კატეგორია ეს არის ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები ადიდებულმა მდინარემ წაიღო და პრაქტიკულად არ დგას ადგილზე ან დაზიანებულია ისე, რომ შიგნით ცხოვრება შეუძლებელია. ესეთი კატეგორიის ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის შესაძენად გაიცემა ფულადი თანხა, საცხოვრებელი ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით. მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ოჯახები, რომელთა სახლებიც დაზიანდა, თუმცა ზიანის ხარისხი არ არის დიდი და ექვემდებარება შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასეთ შემთხვევაში რაიონულ გამგეობებს მიეცემათ დავალება და ისინი უზრუნველყოფენ შესაბამისი ფართების რემონტს", - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება კომპენსაციას, მერიის მომზადებული დოკუმენტის თანახმად, გათვალისწინებულია ოჯახზე 5 000 ლარი პირველადი მოხმარების ნივთებისთვის იმის მიუხედავად, რა ქონებას ფლობდნენ სტიქიამდე. ამასთან, თუ დაზარალებული ოჯახის წევრებს ფიზიკური, დონორი ორგანიზაციის ან სხვა კერძო თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა მხრიდან ერთხელ უკვე აქვთ მიღებული შესაბამისი საოჯახო ნივთები, მაშინ ისინი 5 000-ლარიან კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ.

 

კომენტარები