სტიქია თბილისში

დაზარალებულებისათვის შეგროვებული 25 მლნ-ის განაწილებაზე შეთანხმება ვერ შედგა

timer.ge

მერია და საკრებულო დაზარალებულებისათვის შეგროვებული 25 მილიონის გადანაწილებაზე ვერ თანხმდება. დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი საკრებულოში, დახურულ კარს მიღმა, მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა განიხილეს. ერთსაათიანი შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგაც საკრებულოს წევრებმა დაადასტურეს, რომ დაზარალებულთა კომპენსაციების შესახებ შეთახმება ამ დრომდე ვერ შედგა.

მერიის მიერ შემუშავებული კომპენსაციების გაცემის წესი რუსთავი 2-მა დღეს გადაცემა არჩევანში გაასაჯაროვა. დოკუმენტი ჯერ საბოლოო არ არის და მასზე მუშაობა გრძელდება. პროექტის მიხედვით, ეკოდევნილებს უძრავი ქონების ზარალი შემდეგნაირად აუნაზღაურდებათ - 1-2 წევრიანი ოჯახი, ვისი სახლებიც განადგურდა, მიიღებენ ამავე უბანში 45 კვადრატული მეტრი ფართის შესაძენად საკმარის თანხას, 3-4 წევრიანი ოჯახები - 65კვ.მ-ის შესაძენად საკმარის თანხას, 5-6 სულიანი ოჯახები - 90კვ.მ, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახები - 110 კვ.მ-ი ფართის შესაძენად საკმარის თანხას.

რაც შეეხება კომპენსაციას, მერიის მომზადებული დოკუმენტის თანახმად, გათვალისწინებულია ოჯახზე 5 000 ლარი პირველადი მოხმარების ნივთებისთვის იმის მიუხედავად, რა ქონებას ფლობდნენ სტიქიამდე. ამასთან, თუ დაზარალებული ოჯახის წევრებს ფიზიკური, დონორი ორგანიზაციის ან სხვა კერძო თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა მხრიდან ერთხელ უკვე აქვთ მიღებული შესაბამისი საოჯახო ნივთები, მაშინ ისინი 5 000-ლარიან კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ.

ასევე ერთჯერადად, პირველადი საჭიროებისთვის, დაზარალებული ოჯახის თითოეულ წევრს გადაეცემა 250 ლარი. დოკუმენტში ჩადებულია პირობა, რომ თუ რომელიმე ოჯახმა მიიღო დახმარება კერძო სექტორიდან ან ბინა, მაშინ სახელმწიფოსგან ისინი დახმარებას ვეღარ მიიღებენ. 

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა არჩევანში აღნიშნა, რომ ამ დროისათვის დაზარალებულად 161 ოჯახი, 700-მდე ადამიანი ითვლება. მისივე თქმით, კომპენსაციების გაცემის წესზე მუშაობა გრძელდება.

კომენტარები