ვერეს ხეობა

მერია: ვერეს ხეობაში "მანჰეტენის“ მოწყობის პროექტი არავის წარმოუდგენია

თბილისის მერიის განცხადებით, ვერეს ხეობაში ქართული მანჰეტენის მოწყობის პროექტის შესახებ მათთვის უცნობია. მერია აღნიშნავს, რომ შესაბამისი ინიაციატივით თბილისის თვითმმართველობის ორგანოსთვის არავის მიუმართავს. 

"მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ პროექტის ინიციატორებს დედაქალაქის მერიისთვის არანაირი ინიციატივით ამ დრომდე არ მოუმართავთ. შესაბამისად, არ ვიცით, რას წარმოადგენს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობის ქართულ მანჰეტენად ქცევას ითვალისწინებს. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობს, რათა შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით შემუშავდეს ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების გეგმა. აღნიშნული კომისიის მორიგი სხდომა სწორედ დღეს 20:00 საათზე გაიმართება", - განმარტავს მერია.

საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობას გულისხმობს. საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღვანელის ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე უკვე ესაუბრნენ რამდენიმე მინისტრს და მათგან პასუხს ელიან. მისივე თქმით, "მერიასთან იდეის დონეზე უკვე გვქონდა პრეზენტაცია".

"პროექტის არსი იმაშია, რომ პატარა, ლამაზი მანჰეტენი შევქმნათ თბილისში, თავისი რეკრეაციული ზონით, დამბით, წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებით. პროექტი "მანჰეტენი" გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას", - განაცხადა ჯგერენაიამ და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000, რის მოძიებასაც, დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან. 

"ბიზნესმენები გამოთქვამენ სერიოზულ მზადყოფნას, რომ ჩაიდოს დიდი ფული ამ პროექტში. ჩვენ უნდა შევცვალოთ შეხედულება. ვერეს ხეობის ადგილი არ არის უბედურება, ეს არის მომავლის ადგილი", - თქვა ჯგერენაიამ. 

 

კომენტარები