ვერეს ხეობა

ნარმანია: თუ ვერეს ხეობა იქნება უსაფრთხო, შესაძლოა განვითარდეს ბიზნესცენტრები

ტაბულა

თბილისის მერი დავით ნარმანია ვერეს ხეობაში ბიზნესცენტრების განვითარებას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, "თუ ხეობა იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო, ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ბიზნესცენტრები". თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ხეობის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესპალატის და მშენებელთა ასოციაციის მომზადებული პროექტი არ უნახავს.

"აუცილებლად დავინტერესდები ამ პროექტით და დიდი სიამოვნებით გავეცნობი მის თითოეულ დეტალს და ნიუანსს,"- განაცხადა დავით ნარმანიამ გუშინ.

ცნობისთვის, მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობას გულისხმობს.საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღვანელის ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე უკვე ესაუბრნენ რამდენიმე მინისტრს და მათგან პასუხს ელიან. მისივე თქმით, "მერიასთან იდეის დონეზე უკვე გვქონდა პრეზენტაცია".

"პროექტის არსი იმაშია, რომ პატარა, ლამაზი მანჰეტენი შევქმნათ თბილისში, თავისი რეკრეაციული ზონით, დამბით, წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებით. პროექტი "მანჰეტენი" გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას", - განაცხადა ჯგერენაიამ და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000, რის მოძიებასაც, დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან. 

"ბიზნესმენები გამოთქვამენ სერიოზულ მზადყოფნას, რომ ჩაიდოს დიდი ფული ამ პროექტში. ჩვენ უნდა შევცვალოთ შეხედულება. ვერეს ხეობის ადგილი არ არის უბედურება, ეს არის მომავლის ადგილი", - თქვა ჯგერენაიამ. 

კომენტარები