სტიქია თბილისში

მტკვარში ნაპოვნი მამაკაცი სტიქიის დროს დაკარგული პირი არ აღმოჩნდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. გარდაცვლილია - 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი. საბჭოს ცნობით, მდინარე მტკვარმა გუშინ თბილისში, მშვიდობის ხიდთან მამაკაცის ცხედარი გამორიყა, თუმცა, გვამის იდენტიფიცირების შედეგად, ნაპოვნი მამაკაცი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი არ აღმოჩნდა. 

საბჭოს ინფორმაციით, 24 ივნისს ზოოპარკის ტერიტორიაზე ვოლიერების გაწმენდითი სამუშაოების დროს ნაპოვნია ზოლიანი აფთრის ლეში. ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი. 

"25 ივნისის, 00:25 საათიდან ამ დრომდე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში შევიდა 6 შეტყობინება სხვადასხვა ადგილზე მტაცებელ ცხოველთა სავარაუდო დაფიქსირების შესახებ. ყველა შეტყობინებაზე მოხდა სათანადო რეაგირება, თუმცა, არც ერთი არ დადასტურდა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს. აქტიურიად მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე. პროცესში ჩართულია შესაბამისი სამსახურები - მობილიზებულია ყველა სახის საჭირო სპეცტექნიკა. სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია. ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ძირითადი ნაწილი გადასულია სვანიძის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ვერეს ხეობაში, საიდანაც წყალდიდობის შედეგად ჩამონატანი ხე-ტყის გატანა მიმდინარეობს", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში და აღნიშნავენ, რომ გრძელდება სამაშველო-საძიებო და გაწმენდითი სამუშაოები მზიურის ტერიტორიაზე, სადაც 150-ე საშუალო სკოლის მახლობლად, მაშველებმა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა აღმოაჩინეს.

კრიზისების მართვის საბჭოს ცნობითვე, წყნეთის ქუჩაზე გრძელდება საყრდენი კედლისთვის საჭირო ხიმინჯების აგება; ბაგებში, კოლექტორის ტერიტორიაზე ძირითადი მიწის სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს საინჟინრო ნაგებობის კონსტრუქციული ნაწილის დაგეგმვა.

კომენტარები