სტიქია თბილისში

საგარეო: გეგეშიძე სტიქიის დღეებში აშშ-ში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის დროს, 14 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი შვებულებაში გაემგზავრა. უწყების განცხადებით, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე იყო გადასული. სამინისტროს განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე სტიქიის დღეებში იმყოფებოდა ვაშინგტონში და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობებს.

"კერძოდ, სტიქიის პირველივე დღეებში მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ინფორმირება; ეროვნული გლოვის დღეს - 15 ივნისს, ამერიკაში საქართველოს საელჩომ გაატარა შესაბამისი პროცედურები და იღებდა თანაგრძნობისა და თანადგომის წერილებს. 14 ივნისს ელჩი შეხვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში გახსნილი სპეციალური ანგარიშის თაობაზე, სადაც შესაძლებელი იყო სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მობილიზება. ხოლო 15 და 16 ივნისს მან შეხვედრები გამართა აშშ-ის კონგრესში, ასევე, 16 ივნისს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა USAID-ში სტიქიის თაობაზე ორგანიზაციის ინფორმირებისა და მათი მხრიდან შესაძლო დახმარების მობილიზების მიზნით, სწორედ ამ შეხვედრის შედეგად საქართველოში მივლინებული იქნა USAID-ის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც პირველადი კონსულტაციები გამართა ქართულ მხარესთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო განაგრძობს საქმიანობას თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სარეაბილიტაციო პროცესში ამერიკელი პარტნიორების დახმარების მობილიზების მიზნით", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ "სტიქიის პერიოდში, ისევე როგორც ამ დღეებში, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება თბილისში მომხდარი სტიქია და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით პარტნიორ სახელმწიფოებთან კონსულტაციების გატარებაა, რის შედეგადაც, უკვე მოხერხდა მნიშვნელოვანი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, 14 ივნისს, როდესაც თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულებს ჯერ კიდევ ეძებდნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა და ნიაგარის ჩანჩქერზე დასასვენებლად გაემგზავრა.

დეპუტატმა მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნაციონალური მოძრაობისთვის მოწოდებული ეს ინფორმაცია სასწრაფოდ გადაამოწმოს და საზოგადოებას დაუდასტუროს ან უარყოს.

 

კომენტარები