სტიქია თბილისში

ენმ: სტიქიის დღეს საქართველოს ელჩი აშშ-ში დასასვენებლად ნიაგარაზე გაემგზავრა

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, 14 ივნისს, როდესაც თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულებს ჯერ კიდევ ეძებდნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა და ნიაგარის ჩანჩქერზე დასასვენებლად გაემგზავრა.

დეპუტატმა მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნაციონალური მოძრაობისთვის მოწოდებული ეს ინფორმაცია სასწრაფოდ გადაამოწმოს და საზოგადოებას დაუდასტუროს ან უარყოს.

"მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. იმ შემთხვევაში, თუ ჩენი ინფორმაცია დადასტურდება და ვთვლით, რომ ჩვენი წყარო სანდოა და ელჩი მართლაც გავიდა შვებულებაში, მაშინ მოვითხოვოთ, ამ ფაქტს სამინისტრომ შეფასება მისცეს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ასეთ მძიმე დღეებში, ყველა საელჩო საგანგებო მუშაობის რეჟიმზე უნდა ყოფილიყო გადასული. განსაკუთრებით, ჩვენი ელჩი სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში. მათ უნდა ეზრუნათ, რომ საერთაშორისო საზოგადოება სტიქიით დაზარალებულებს გვერდში დადგომოდა და რაც შეიძლება მეტი დახმარება მიგვეღო. ასეთ სიტუაციაში ელჩის დასვენება მიუთითებს ღრმა კრიზისზე.

ერთია, რომ ელჩს არ ესმის - ასეთ დროს შვებულებაში გასვლა არ შეიძლება, მეორე მხრივ, ეს ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ჩამოშლილია. ცხადია, ჩვენთვის ეს გასაკვირი არაა, რადგან გვყავს პრემიერი, რომელიც თვლის, რომ ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯა ზოოპარკის დირექტორის ბრალია; გვყავს შს მინისტრი, რომელიც მიიჩნევს, რომ სტიქიის დროს ვერტმფრენები ღამის ხედვით კი არ უნდა გამოიყვანოს და ოპერაციაში ჩართოს, არამედ ანგარში უნდა იდგეს; გვყავს მერი, რომელიც მუხლამდე წყალში იდგა და ვერ მიხვდა, რამხელა უბედურება დაატყდა თავს ქალაქს. ელჩის ისტორია ამის გაგრძელებაა.

მოვუწოდებთ სამინისტროს, სასწრაფოდ გააკეთოს თავისი შეფასება, რათა შემდგომშიც არ გაგრძელდეს მსგავსი მოვლენები. მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება, რომ ახლა მაინც ნორმალური დახმარება გაეწიოს სტიქიის შედეგად დაზარალებულებს", - თქვა ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგზე.

 

კომენტარები