ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

ცხადაძე: სკამზე რომ არ დავმჯდარიყავი, მე-3 და მე-4 გოლებს არ გავუშვებდით

კახა ცხადაძე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

22 ივნისს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა. სპეციალისტმა ჯვაროსნების მიერ ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ ტურში, პოლონეთთან სტუმრად ანგარიშით 4:0 წაგებული შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. გამოცემა მსოფლიო სპორტმა ცხადაძის კომენტარი გაავრცელა.

"მინდა ბოდიში მოვიხადო პოლონეთის ნაკრებთან მატჩის ბოლო 4 წუთის გამო. ეს კოშმარი და წარმოუდგენელი რამ იყო. პირველ ყოვლისა, ამაში ჩემს თავს ვადანაშაულებ. მეორე გოლი რომ გავუშვით, გული იმდენად დამწყდა, რომ სათადარიგოთა სკამზე დავჯექი. არ უნდა დავმჯდარიყავი და ფეხზე რომ ვმდგარიყავი, მე-3 და მე-4 გოლებს აღარ გავუშვებდით.

პოლონეთთან ბოლო 25 წუთის განმავლობაში სერიოზული ფეხბურთი ვითამაშეთ. საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ჩვენ რაც მოგვივიდა, ეს უფრო მენტალიტეტის ბრალია, რადგან ევროპელებს მსგავსი არ დაემართებოდათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირველ ყოვლისა ჩემი ბრალია, რადგან არ უნდა დავმჯდარიყავი", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ D ჯგუფში ჩატარებულ 6 მატჩში 3 ქულით ამ დროისთვის 6 გუნდიდან მე-5 ადგილზეა.

 

კომენტარები