ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

ქეცბაია: ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ

თემურ ქეცბაია
Tabula

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი სტუმრად, გიბრალტართან გამართა. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრების წინააღმდეგ, ქეცბაიას გუნდმა 0:3 გაიმარჯვა, თუმცა მატჩის შემდეგ მწვრთნელი საკუთარი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო იყო.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელს ამის საბაბი ჰქონდა - გუნდმა, რომელიც შესარჩევში დებიუტანტია და გასულ ტურებში ირლანდია-პოლონეთთან ერთი და იმავე ანგარიშით - 7:0 დამარცხდა, ჯვაროსნების კართან ორი საგოლე მომენტის შექმნა შეძლო. ქეცბაია მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მცველების გარდა, შემტევებითაც უკმაყოფილო იყო. სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელებს მონდომება აკლდათ და მეტი ბურთის სხვაობით გამარჯვება მართებდათ.

"გავიმარჯვეთ, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ. პირველი ნახევარი საათი კარგი იყო. მოთამაშეებს გასახდელში ვუთხარი, რომ მთლიანი შეხვედრის განმავლობაში კონცენტრირებულები უნდა ყოფილიყვნენ. მეტი უნდა გაგვეტანა, რადგან არ ვიცით, ამ ჯგუფში რა როგორ გადაწყდება.

გიბრალტარის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ ჯგუფში ყველაფერი შეიძლება ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტოს. ვფიქრობ, ჩემმა ფეხბურთელებმა სწორი შემართებით არ ითამაშეს. როდესაც ასეთი შესაძლებლობები გაქვს, უნდა გაიტანო. მიუხედავად ამისა, სამი ქულა გვაქვს, რაც უმთავრესი მიზანი იყო. ვნახე პოლონეთთან გიბრალტარის თამაში და ვფიქრობ, მათ დღეს უკეთ ითამაშეს. ჩვენი შემდგომი მეტოქე პოლონეთია და გვსურს მათ წინააღმდეგაც კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ჩემს მოთამაშეებს შოტლანდიის მსგავსი ჟინი თუ ექნებათ, კარგ შედეგს მივაღწევთ. ტექნიკურად ძალიან კარგ დონეზე ვართ, მაგრამ სხვა მხრივ რაღაცები გვაკლია, რაც შემდეგ დონეზე გადასასვლელად გვჭირდება", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

 

კომენტარები