ე.წ. კაბელების საქმე

სააპელაციო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე: თავი შეიკავეთ ბრალდებებისგან

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, ბოლო პერიოდში ე.წ. კაბელების საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ მედიით სისტემატურად და მიზანმიმართულად ვრცელდება უსაფუძვლო ბრალდებების შემცველი და მოსამართლის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ მიმართული ინფორმაცია. როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე დაცვის მხარე აპირებს, იუსტიციის საბჭოს მიმართოს მოსამართლე გიორგი ბადრიაშვილის დისციპლინარულ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც მან, ადვოკატების განცხადებით, არარსებულ ფაქტებზე დაყრდნობით გააუქმა საქალაქო სასამართლოს განჩინება და პროკურატურის მტკიცებულება, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, დასაშვებად ცნო.

სააპელაციო სასამართლო ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"მედიასაშუალებებით გავრცელებული სიუჟეტები და კომენტარები ტოვებს განცდას, რომ შესაძლებელია, ადგილია ჰქონდეს სასამართლოსა და მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და ამ საქმიანობაზე დაუშვებელი ზეწოლის მცდელობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო აქტი ავალდებულებს ყველას, პატივი სცეს სასამართლოსა და მოსამართლის მაღალ სტატუსს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამართლებრივ და დემოკრატიულ საზოგადოებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავოს სასამართლოსა და მოსამართლის მიმართ დაუსაბუთებელი, ხშირად არაეთიკური, ბრალდებების გავრცელებისა და მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებისაგან", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

 

კომენტარები