სტიქია თბილისში

კრიზისების საბჭო მოსახლეობას: არ გადაადგილდეთ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე

საქართველოს მთავრობა

კრიზისების მართვის საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან. 

14:00 საათის მონაცემებით, 19 ივნისს ქალაქში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ 112-ში 50-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიის შესაბამის სამსახურებს დახმარებას უწევენ მონადირეთა ჯგუფები. მათ მიერ შემოწმდა კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც რამდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი. რაც შეეხება, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვეფხვის ფოტოს - ფოტომასალაზე დაყრდნობით, სპეციალისტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ტერიტორიაზე შესაძლოა იყოს კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი. ამჟამად, ტარდება საძიებო სამუშაოები ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაგებულია ფოტომახეები და ხორციელდება ტერიტორიის სისტემატური მონიტორინგი. კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ.

თბილისში ერთ ვეფხვს და ერთ ზოლიან აფთარს ეძებენ.

 

კომენტარები