ე.წ. კაბელების საქმე

გოგუაძე: ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურა მარცხისთვისაა განწირული

ტაბულა

სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები დაუშვა იმ ოქმის საფუძველზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.

გოგუაძემ მადლობა გადაუხადა მოსამართლეს ე.წ. კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის და აღნიშნა, რომ ამ საქმეში პროკურატურა აუცილებლად დამარცხდება.

"მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ველოდი და მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მოსამართლეს, რომელმაც შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება პირნათლად და მხოლოდ თავისი სინდისის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება და არ დაჰყვა პროკურატურის შანტაჟს და მუქარას. მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. დღეს სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები დაუშვა იმ ოქმის საფუძველზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ასე რომ, ეს არის ნონსენსი, ეს არის უსამართლობის ზეიმი. ჩვენ ამას აუცილებლად ბოლომდე მივყვებით და დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ფორმალურად გაგრძელდეს ამ საქმის არსებითი განხილვა, ეს საქმე პროკურატურისთვის დამარცხებისთვის არის განწირული", - განაცხადა გოგუაძემ.

სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რაზეც პროკურატურა პასუხს 26 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე წარმოადგენს.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სასამართლომ და პატიმრობა შეცვალა პარლამენტის წევრების პირადი თავდებობით, სამართლიანია. მაგრამ განხილვა წინ არის. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ შეიძლება შემხებლობაში იყვნენ გაფლანგვასთან. ვინაიდან ეს თანხა არასდროს ყოფილა რომელიმე მათგანის გამგებლობაში. საქმე უნდა შეწყდეს აუცილებლად", - თქვა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა. 

დაცვის მხარე ასევე აპირებს, მიმართოს იუსტიციის საბჭოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბადრიაშვილის დისციპლინარულ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც მან საქალაქო სასამართლოს განჩინება გააუქმა და პროკურატურის მტკიცებულება, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, დასაშვებად სცნო.

"მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. შემდგომ ეტაპზე ჩვენ უკვე დავაყენეთ შუამდგომლობა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაზეც პროკურატურამ ითხოვდა ვადა. ასევე, დაცვის მხარე აპირებს, იუსტიციის საბჭოს მიმართოს მოსამართლის დისციპლინარულ საკითხთან დაკავშირებით. ესაა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბადრიაშვილი. ვინაიდან უტყუარადაა დადასტურებული, რომ არარსებულ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რაც არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. ვინაიდან ეს თუ რეაგირების გარეშე დარჩა, ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს სისხლის სამართალწარმოებას", - თქვა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა. პროკურატურა 10 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

კომენტარები