ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს

ეკა შანიძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

პროკურატურა 10 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა. საგამოძიებო უწყებამ ამის მიზეზად პატიმრობის ცხრათვიანი ვადის ამოწურვა და წინასასამართლო განხილვების გაჭიანურება დაასახელა. "ამავდროულად, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ წინასასამართლო განხილვისას გადალახულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილია დასაშვებად, ანუ კანონის დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებად. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, შემცირებულია ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები; ბრალდებულების მიმართ გამოყენებულმა პატიმრობამ გამოიღო პრევენციული შედეგი, რამაც გამოიწვია მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულებსა და მოწმეებს შორის არაკანონიერი გარიგებების განხორციელების საფრთხეების შემცირება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თავდაცის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია მათ დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებდა.

 

კომენტარები