ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, სტიქიის შედეგად თბილისისთვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ალბათ, 100 000 000 ლარიც არ ეყოფა. მისივე განმარტებით, ზოოპარკთან მიმართებით მთავრობას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება.
"გუშინ საღამოს მონაცემებით სახელმწიფო ხაზინაში და კომერციულ ბანკებში მობილიზებულია დაახლოებით 17 მილიონი ლარი, აქედან 10 მილიონი გამოყო საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან, თუმცა ცხადია, ეს არ არის საკმარისი თანხა. ზარალი არის ძალიან დიდი. სამწუხაროდ, ალბათ, 100 მილიონი ლარიც არ ეყოფა სალიკვიდაციო სამუშაოებს. მხოლოდ ზოოპარკთან მიმართებაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაგვჭირდება", - თქვა ხადურმა და განმარტა, რომ მომხდარის გამო მთავრობამ შეაჩერა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, რათა მისი რეალობასთან მორგება მოხდეს.
"ჩვენ შევეცდებით შექმნილი ვითარება გავითვალისწინოთ", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 19 ადამიანი იმსხვერპლა. ამასთანავე, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება სამი ადამიანი. სტიქიამ თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა. ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის თავდასხმის შედეგად, 17 ივნისს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაიღუპა.