თეორემა

სტიქია, ტრაგედია და განტევების ვაცი

13 ივნისს, სტიქიამ 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაკარგულია 10-მდე ადამიანი. თითქმის მთლიანად განადგურდა ზოოპარკი - მისი ბინადრებიანად. ვერეს ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს გაუნადგურდა სახლები. ორასზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ზარალმა, ამჟამინდელი გათვლებით 40 მილიონს მიაღწია. თბილისი პარალიზებულია.

თბილისს მომწყარი ღვარცოფის გამომწვევი მიზეზი ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერია - მილიონამდე კუბური მეტრის მიწა, ვერეს ხეობაში ჩამოწვა და ხელოვნური წყალსაცავები წარმოქმნა, რომლის გარღვევაც ღვარცოფითა და ტრაგედიით დასრულდა.

სტიქია ჯერ კიდევ არ იყო დამცხრალი, რომ განტევების ვაცის ძიება დაიწყო - კანტიკუნტად გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც დაზარალებულებს 41-ის შემოხაზვას საყვედურობდნენ, გაცილებით მეტად აქტიურობდნენ ისინი, რომლებიც სტიქიურ უბედურებას წინა ხელისუფლების პროექტს - ეგრეთ წოდებულ ახალ გზას და მათ მიერ გვირაბში მოქცეულ მდინარე ვერეს აბრალებდნენ. წინა ხელისუფლების მისამართით ბრალდებები ამჟამინდელი მთავრობის წევრებისგანაც გაისმა - არ მინდა ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ.... და პრემიერი ყვება, როგორ მოისმინა რომელიღაც ექსპერტის მოსაზრება, რომელიც ახალი გზის გაყვანის შედეგად გმირთა მოედნის დატბორვას ვარაუდობდა ჯერ კიდევ 2011 წელს, თუმცა არ ახსენებს იმ ექსპერტებს, რომლებიც ახალი გზის ფაქტორს, საერთოდ გამორიცხავენ.

ერთადერთი კონკრეტული ბმა, რითაც ახალი გზის პროექტი მომხდარ ტრაგედიას დაუკავშირეს წინა ხელისუფლების მიერ ახალი გზის გაყოლებაზე მდინარე ვერეს გვირაბში მოქცევაა. ამ საყვედურის ავტორებს არ უფიქრიათ იმაზე, რომ მდინარე ვერე გვირაბში მოქცეულია ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან. რუკას თუ დახედავთ დაინახავთ, რომ ახალი გზის მონაკვეთი ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან არის "ჩაკეტილი" ორი გვირაბით. ერთი ვაკე საბურთალოს გზაზე მდებარეობს. მეორე კი გმირთა მოედანთან. პროექტის შემსრულებლების მტკიცებით საბჭოთა გვირაბები უფრო ვიწროა, ვიდრე მათ შორის მოქცეული ახალი.

ამასთან, საბჭოთა პერიოდის გვირაბების გამტარუნარიანობა ორჯერ ნაკლები იყო ვიდრე მოვარდნილი წყლის მოცულობა.

თუმცა გვირაბებს მალევე დაივიწყებს ყველა, ვინც ქალაქს გაცდება და ახალდაბისა და ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილ მთას ნახავს. ან სვანიძის ქუჩას მოინახულებს - სადაც არც უგულავას გვირაბია და არც ახალი გზა გაუყვანია არავის. ანაც თბილისის ისტორიას გადახედავს და მაგალითად 1960 წლის წყალდიდობას შეისწავლის. მდინარე ვერემ მაშინაც გაანადგურა ზოოპარკი, ხოლო ადიდებული ლეღვთახევი აბანოებში შევარდა და ხალხი დახოცა.

ისმის საყვედურები იმის თაობაზეც, რომ ბეთანიაში მეწყერის ჩამოწოლიდან, თბილისში ღვარცოფის მოვარდნამდე საკმარისი დრო იყო საიმისოდ, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის დაცვის მიზნით გზები გადაეკეტა და ვერეს ხეობაში მაცხოვრებელთა ევაკუაცია დაეწყო.

ყველაზე ორიგინალურად მომხდარი პატრიარქმა ახსნა - მისი თქმით კომუნისტების მიერ ჩადენილი ცოდვისთვის დაგვსაჯა ღმერთმა. მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურისგან გავიგეთ, რომ კომუნისტებს ეკლესიის ზარები გადაუდნიათ და მისგან ზოოპარკის მხეცების ვოლიერები შეუქმნიათ.

თუმცა ახლა მთავარი საზრუნავი ისაა, დაკარგული ადამიანები ვიპოვოთ და დაზარალებულებმა შვება იგრძნონ.

როგორ გავუმკლავდეთ სტიქიას - შეგვეძლო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება, ან ზიანის შემცირება, რა არის ადამიანის როლი მომხდარში, როგორ მოვიქცეთ მომავალში - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ვცდილობთ თეორემაში.

 

კომენტარები